მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



სიურპრიზები გუნდებს: 10 ასაკობრივი ჩემპიონ ლიგა მისაღები ფინანსებით, 6 საფეხბურთო ფესტივალი, მატჩების ტელერეპორტაჟები, ტელემიმოხილვები... 21.02.2022

 აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო მალანია და გენერალური მდივანი ლევან კვარაცხელია,  ბავშვთა საფეხბურთო სკოლებისა და აკადემიის მესვეურებს შეხვდნენ და 2022 წლის სამოქმედო პროგრამა გააცნეს, რომელიც არაერთ სიურპრიზსა მოიცავს. შეხვედრას, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში შედგა, ბავშვთა ფეხბურთის რეგიონული განვითარების ფეხბურთის კოორდინატორი მამუკა ელიკაშვილი დაესწრო. ახალი სეზონის პროგრამა დამსწრეთ, საშეჯიბრო განყოფილების უფროსმა მენეჯერმა ანა ელიკაშვილმა წარადგინა.

მართალია, ობიექტურ მიზეზთა გამო, რამდენიმე საფეხბურთო სკოლისა და აკადემიის მესვეურები, პრეზენტაციას ვერ დაესწრნენ.  თუმცა, 2022 წლის პროგრამის პრეზენტაციაზე, 37 საფეხბურთო სკოლა და აკადემია იყო წარმოდგენილი. პრეზენტაციაზე, ახალი ჩემპიონატების სახელწოდებაზე 5 სხვადასხვა ვარიანტი განიხილეს და ერთობლივი გადაწყვეტილებით, 2022 წლიდან აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ჩემპიონატებეს სახელწოდებად, „ჩემპიონ ლიგა“ იქნა შერჩეული. ახალი პროექტის თანახმად, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, 2022 წლის სეზონში 10 ასაკობრივ ლიგაში გეგმავს ჩემპიონატის ჩატარებას, რომელსაც  „ჩემპიონ ლიგა“ ერქმევა. 2005-06, 2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012, 2013, 2014, და 2015 წელს დაბადებული ჭაბუკების ჩემპიონატები 10 „ჩემპიონ ლიგას“ შექმნიან. პროექტის მიხედვით, ამ ასაკობრივ ჯგუფებში გუნდების რაოდენობა მინიმუმ  8 და მაქსიმუმ 14 გუნდით განისაზღვრება. გუნდების რაოდენობიდან გამომდინარე, ჩემპიონატები 2 ან 3 წრედ ჩატარდება.

2005-2008 წლებში დაბადებული ჭაბუკები, სტადარტული ზომის მოედანზე, სასტარტო 11-11 მოთამაშით ითამაშებენ. მატჩებს, რომელიც ორი 40 წუთიანი ტაიმისგან შედგება, 3 მსაჯი და მსაჯთ ერთი დამკვირვებელი მოემსახურება. 2009-2012 წლებში დაბადებულთა ლიგებში, მოზარდები 60 X 40 სმ. ზომის მოედანზე, 25-წუთიან ორ ტაიმს ითამაშებენ. მათ თამაშს ერთი მსაჯი გაუძღვება, თითო გუნდში კი მეკარე და 8 მოთამაშე იქნება. 2013-2015 წლებში დაბადებული ბავშვები, ერთი მსაჯით,  40 X 20 სმ. ზომის მოედანზე, 20-20 წუთიან ტაიმებს ითამაშებენ, მეკარითა და 6 მოთამაშით.

ახალი სეზონი მარტის ბოლოს აიღებს სტარტს და დეკემბრის პირველ კვირაში დასრულდება. ჩემპიონატების ყველა 3-3 გამარჯვებული გუნდები, სპეციალური თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან. დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცისა და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციიც ხელმძღვანელები და წარმომადგენლების გარდა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. ცერემონიალი და სპეციალური შოუ, გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. ამ ჩემპიონატებში, გუნდის მონაწილეობისთვის საჭირო საწევრო გადასახადი, ყველასათვის ხელმისაწვდომი და მისაღებია, ასაკობრივი კატეგორიებისა და ლიგაში გუნდების რაოდენობის მიხედვით, 600 ლარიდან 1 500 ლარამდე განისაზღვრება.

სიურპრიზები ამით არ მთავრდება, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის 2022 წლის პროექტში ნოვაცია ისიც რომ წელს, ბავშვთა საფეხბურთო 6 ფესტივალი, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში ჩატარდება. ფესტივალში მონაწილეობის საწევრო თანხა, თითო გუნდისთვის, მხოლოდ 150 ლარით განისაზღვრება. პრეზენტაციაზე სხვა სიურპრიზებიც გაჟღერდა. კერძოდ, როგორც აღინიშნა აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საიმისოდ, რომ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარებული ჩემპიონატების მატჩების რეპორტაჟები ნაჩვენები იქნას ტელევიზიით. ასევე, მომზადდეს ტელერეპორტაჟები. ამასთან, არის სურვილი ჩამოყალიბდეს მწვრთნელთა საბჭო, რომელშიც სხვადასხვა საფეხბურთო სკოლისა და აკადემიის 8 წარმომადგენელი შევა და ნებისმიერი საკითხი გუნდებთან შეთანხმებით გადაწყდება.

პრეზენტაციაზე დამსწრე რამდენიმე საფეხბურთო აკადემიისა და სკოლის მერსვეურმა, დარბაზშივე განაცხადა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ჩემპიონატებზე მონაწილეობაზე თანხმობა. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილება, დღეიდან  5-7 დღის განმავლობაში, 2022 წლის სეზონის, სხვადახვა ასაკობრივ ლიგებში ასპარეზობის მსურველ გუნდებს, რეგისტრაციისთვის ოფისში ელის. რეგისრაციისთვის და საჭირო ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე:

ლევან კვარაცხელია: 5 77 17 04 17;   5 57 514 559;

ანა ელიკაშვილი: 5 14 10 00 08;

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge